„სახლი დადუმდა, ჩაკვდა“…

ჩემი პატარა ქალაქი, ჩემი დიდი სახლი, მწვანე ეზო, წიწვოვანი ხებით, წითელი ვარდებით… დედაჩემი, მამაჩემი, პაპაჩემი და კატები.

ეს არის ადგილი, სადაც მე ჩემი ბედნიერებით და უბედურებით, მაინც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. „ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი“, სადაც ყველა სახლი, ხე, ჯიხური, ხმა, სუნი რაღაცას გვახსენებს, ყველა კუთხე-კუნჭულთან დაკავშირებით თითო მოგონება მაინც გვაქვს…

ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილსაც უყვარს აქ ყოფნა. დილიდან საღამომდე დაჰქრის სკუტერით ეზოში, ბანაობს აუზში, უსმენს ბებოს და პაპას მოყოლილ ზღაპრებს, მიირთმევს გემრიელ ბლინებს და არ ავიწყდება, რომ ულუფა კატებსაც უნდა გაუყოს.

დილა განსაკუთრებით სასიამოვნოა, მამაჩემი ადრიანად მორწყავს და გადარეცხავს ხოლმე ეზოს, ყველაფერი სუფთაა, ჰაერი – გრილი, მაგრამ დღეს არდადეგები მთავრდება. ბოლო ყლუპ ყავასაც მოვსვამ და ჩანთებს მანქანაში ჩავიტანთ.

ბურთი ყელში მებჯინება და ვცდილობ, ცრემლები არ დავანახო დედაჩემს და მამაჩემს, რომლებიც სახლიდან ჩვენი გამგზავრების დღეს ყოველთვის რამდენიმე წლით ბერდებიან, ან – მე ასე მეჩვენება. ჩემზე მეტად უკვე ჩემს შვილთან განშორება უჭირთ.

გავალთ მანქანით ეზოდან და დედაჩემი უკვე ხმამაღლა ატირებული მიხურავს სახლის ჭიშკარს.

რამდენიმე საათში კი ვიცი, მივიღებ ყველაზე სევდიან შეტყობინებას მისგან :

„სახლი დადუმდა, ჩაკვდა“…

Advertisements

წამების და წუთების ქვეყანა

თუ ბილეთზე წერია, რომ მატარებელი ფრანკფურტიდან ბერლინისკენ გადის 08.13 საათზე, ესე იგი გადის ზუსტად ამ დროს.

პირველად ფრანკფურტში მივხვდი, მატარებელის ბილეთის ყიდვისას, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ციფრების, რიცხვების დამრგვალება. არა და რატომ არის 13 წუთი ურიგო? მგონია, რომ საქართველო რომ ყოფილიყო, ბილეთზე ეწერებოდა 08.15, ან – 08.10 საათი. ჩვენ ხომ ყველაფერს ვამრგვალებთ, 10-დან 15-მდე რიცხვებს არ ვცნობთ, როცა საქმე დროს და ფულს ეხება.

გერმანია კიდევ – ციფრების ქვეყანაა.  ითვლიან ყველაფერს, ყველგან მათემატიკაა. მაგალითად – ძალიან ბევრი გერმანელი არ აგდებს წყლის დალევის შემდეგ პლასტმასის ბოთლს – აბარებენ და სანაცვლოდ ფულს იღებენ. არა იმიტომ, რომ მატერიალურად უჭირთ და 90-იანი წლების თბილისელებივით ბოთლების ჩაბარებით უდგათ სული – არა. ისინი ამბობენ, რომ ყიდულობენ  წყალს და ბოთლს, ამიტომ ბოთლის ფულს უკან იღებენ.

ფრანკფურტი

პირველი ევროპული ქალაქია, რომელმაც იმედი გამიცრუა. გერმანიისგან სულ ღირსშესანიშნაობებს მოველოდი, ამიტომ – მხოლოდ შემინულმა მაღალმა შენობებმა არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა.

„ფრანკფურტი გერმანიის სხვა ქალაქებს არ ჰგავს, აქ მაღალი შენობებია“

So what?

 

ბერლინი

შეიძლება იმიტომ, რომ უამრავი რამ მაქვს წაკითხული ბერლინზე და ჩასვლა მხოლოდ ახლა მოვახერხე, გერმანიის დედაქალაქში მუდმივად ვფიქრობდი საბჭოთა ჯარზე, პირობით „ქანთარიებზე“, შუა ქალაქში აშენებულ კედელზე, ჰოლოკოსტზე, გეების მასობრივ მკვლელობებზე…

ამიტომ ძალიან სიმბოლურად მომხვდა თვალში რუსეთის საელჩოს თავზე (შესაბამისად, ბერლინის ცაზე) მოფრიალე რუსეთის დროშა.

rusetis-saelcho

დიდი, ლამაზი და ქაოტურია ბერლინი. ზოგი ქუჩა ძალიან ჰგავს მოსკოვს, მინსკს, საბჭოთა ქალაქებს, საბჭოთა არქიტექტურით.

16776069_10212290528158768_1064271902_o

ბრანდენბურგის ჭიშკართან ვიღაცები ჯერ კიდევ ქადაგებენ ნაციზმს.

ბუნდესტაგთან ტურისტები უწყვეტად პოზირებენ.

ძალიან ლამაზია ბრეტცელების სურნელით გაჟღენთილი ბერლინი.

 

 

ჰამბურგი

ზამთარში ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც, ალბათ, წელიწადის სხვა დროს იქნებოდა. ჰამბურგელებს ბერლინელები არ მოსწონთ, არც დედაქალაქელებს უყვართ ჰამბურგელები დიდად, საპორტო ქალაქის მცხოვრებლებს ისინი მედიდურებად და ამპარტავნებად მიიჩნევენ.

ქალაქში უამრავი ხე დგას, გაზაფხულზე აქაურობა სულ მწვანე იქნება.

 

ჰამბურგში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ყველაზე „სახლურ“ და „მშობლიურ“ სახლში, გარეუბანში. ზამთრის მიუხედავად ეზოში ბალახი მწვანედ ბიბინებს, საქართველოდან ჩამოტანილი ჯონჯოლის ნერგიც მალე გამოისხამს ფოთლებს.

 

ezo

 

უცნაურია, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას სასაფლაო ახდენს.

უზარმაზარი მწვანე ბაღი, რომელიც იმდენად დიდია, გაჩერებებია და ავტობუსები დადის. ტბა, შადრევნები, ეკლესიები… მოკრძალებული ქვები, წარწერებით. ჩემი აკვიატებული შიში სიკვდილის შესახებ უკვალოდ ქრება.

 

ცოტა რამ ზოგადად გერმანელებზე

იმის მიუხედავად, რომ წყობიდან გამოდიან, თუ 10 წუთი მაინც დააგვიანებთ  შეხვედრაზე, ბრაზი მალე გადაუვლით და ყველაზე ყურადღებიან, გაღიმებულ მასპინძლებად იქცევიან.

წამღერებით ნათქვამი „ჰალოოოო“ ყველაზე სასიამოვნოა, რაც კი შეიძლება სიარულისგან გადაღლილმა, უზომოდ მოშიებულმა და მწყურვალმა კაფეში გაიგონოთ.

იმის გამო, რომ ქვეყანა ახლო აღმოსავლეთიდან (არა მხოლოდ) ჩასული ლტოლვილებით გაივსო, ვფიქრობდი, რომ ქსენოფობია თვალშისაცემი იქნებოდა. მაგრამ, ჩემი ძალიან მკვეთრადგამოხატული აღმოსავლური შესახედაობის მიუხედავად, მიღიმოდნენ ყველგან, სასურველი სტუმარი და გამვლელი ვიყავი ყველგან.

ცხადია, ეს არ არის ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე, უკმარისობის განცდა მექნება ყოველთვის.

 

მთის ზღაპარი

თუშეთი არის ზღაპარი.

არ გეგონოთ, რამეს ვაჭარბებდე, ნამდვილად ზღაპარია.

გავივლით ალვანს, შემდეგ რამდენიმე სოფელს, შევუყვებით აღმართს და უცებ გარშემო ყველაფერი ქრება, პორტალი იხსნება და გადავდივართ სამყაროში, სადაც არაფერია ჩვენებური, ხელოვნური, ადამიანური…

გზად პირდაღებული უფსკრულები და ციდან წამოსული ჩანჩქერები მოგვდევს, ძალიანაც რომ ვეცადოთ, ვერც დასაწყისს დავინახავთ და ვერც დასასრულს. აქ არარაობა ვართ, მთამ კი პატივი დაგვდო და მთელი თავისი დიდებულება ხელისგულზე გადაგვიშალა…

აქამდე არ ვიცოდი, რომ კლდე, რუხის გარდა, შეიძლება იყოს მწვანე, ლურჯი, იასამნისფერი, წითლის რამდენიმე ტონალობის… ჩანჩქერების დათვლა შეუძლებელია, ციდან დაშვებული ღელეები სუნთქვას გვიკრავს. გზა ჯადოსნურია, არაამქვეყნიური… ავდივართ ცამდე აწვდილი მთების მწვერვალებზე და ვფიქრობ, რამ ამოიყვანა აქ ბარიდან ადამიანები, უამრავი საუკუნის წინ. მაშინ ხომ არც ეს გზა იყო, სადაც ახლა,  ხშირად სიცოცხლის გარისკვის ფასად, მაგრამ მანქანები მუდმივად მოძრაობენ. აი ასე, ხევ-ხევ, უფსკრულში, მდინარეს მიუყვებოდნენ კაცები, ქალები, ბავშვები, მუხლებს იტყავებდნენ, ნადირისგან თავს იცავდნენ და ტყის კენკრით გაჰქონდათ თავი… ტკბილია სიცოცხლე, მტრისგან თავდასაცავად მთაში წახვალ და თუშეთს შექმნი.

ან თუშეთი შეგქმნის.

გზად ყველა მძღოლი ერთმანეთს გულიანად ესალმება, ბარში იგივე ადამიანები ერთმანეთს არასოდეს გაუღიმებენ. ტალახში ჩაფლულ მანქანას გვერდით გულგრილად არავინ ჩაუვლის, ყველა ერთმანეთს ეხმარება…

სოფლიდან სოფელში სიარულისას ველოსიპედიდან მხიარულად გადმოგძახებენ უცხოელი ტურისტები : Hi!    “გამარჯობა” ასე ძალიან თუ მაკლდა და მენატრებოდა, იქ წასვლამდე არ ვიცოდი. თუშეთში მადლობაც გემრიელია, თბილი, ღიმილიანი.

ამიტომ, მაინც მგონია, რომ თუშეთი გვქმნის ჩვენ და არა პირიქით.

ადგილობრივი მცხოვრებლები, სამწუხაროდ, იქ არ დაგვხვდნენ. მათი უმეტესობა ალვანში ცხოვრობს, მთაში სეზონის დაწყებისას ბევრი არ ადის და დღეობებს ელოდება. ერთადერთი თუში, ვინც ჩვენ გავიცანით, დათოა. როგორც ყველას, მასაც უცემენტოდ ნაშენი ქვის სახლი აქვს და მისი აივნიდან გამაოგნებელი ხედი იშლება.

არაფერი ხელოვნური თუშეთში არ არის. სახლები ნატურალური მასალით არის აშენებული, კედლები შიგნიდან შელესილი, ფანჯრები – ხის, სახურავიც ქვის, კედლებივით. ავეჯს ხისგან ამზადებენ.

ძალიან მშურს თუშების. აი ასე, ციცაბო ფერდობებს რომ შეუყვებიან, უამრავ კილომეტრს აღმართში მუხლჩაუხრელად აივლიან, სოფლების უმეტესობამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის… იმ ბოჭორნელი ექიმისაც მშურს, მთელი ზამთარი უზარმაზარ თოვლში მარტომ რომ გაატარა სოფელში, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად დაესახელებინათ. ძალიან ძლიერები არიან,ძალიან მაგრები.

წამოსვლის წინა საღამოს ომალოში გაწვიმდა, მთები ნისლში გაეხვია და ძალიან შემეშინდა, მივხვდი, რომ მთას როცა მოესურვება, მაშინ გაგიშვებს, ეს „მაშინ“ კი როდის დადგება, არავინ იცის.

დათომ მითხრა, თუშეთში საშიში არაფერია, აქ მარტო ღმერთის უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ მასთან ახლოს ხარო.

ხოდა, მადლობა ახლოს მყოფ ღმერთს, ადგილ-ადგილ ჩამოშლილი მიწის მიუხედავად, მშვიდობით რომ ჩამოგვაცილა ბარად.

ომალოში ახლაც წვიმს, მაგრამ ფერდობებზე, უამინდობის მიუხედავად, მაინც დაკუნტრუშებენ ცხვრები, ძროხები, ცხენები…

იმდენი დამრჩა სანახავი, იმდენი დამრჩა მოსასმენი, მომავალ წელს აუცილებლად წავალ.

“არაბების მამები პალესტინის მხარეს იომებენ,” – ისრაელის დაძაბული სიმშვიდე

step0001-e1458666028577

ეს ლიბანია, ისრაელის მეზობელი ქვეყანა და ერთ-ერთი „თავის ტკივილი.“ ბოლო ომი ისრაელსა შიიტურ დაჯგუფება ჰესბოლას შორის 2006 წელს მოხდა, მას შემდეგ კი აქ დაძაბული სიმშვიდეა, რომელიც, როდის დასრულდება, არავინ იცის. ისრაელელი მესაზღვრის თქმით, ჰესბოლას წევრები სოფელში არიან გამაგრებული და ზუსტად იციან, რომ ისრაელი ლიბანელ მოსახლეობას ცეცხლს არ გაუხსნის.

მესაზღვრის განმარტებით, ისრაელის ინტერესი მეზობლებზე თავდასხმა არასოდეს ყოფილა და ქვეყანა ბრძოლას ყოველთვის მხოლოდ თავდაცვისთვის ახორციელებდა.
საზღვარზე ამბობენ, რომ ჰესბოლასგან თავდასხმას ნებისმიერ დროს ელოდებიან.
ისრაელს ბევრი საგარეო პრობლემა აქვს, გარდა ჰესბოლასი, ისინი საფრთხეს ირანისგან, ჰამასისგან და გლობალური ჯიჰადისგანაც ელიან. როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ მეზობელ ქვეყნებს, ფაქტობრივად, ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია.
„ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი ძალა სირიის ტერიტორიაზე ქვეყნის ჩრდილოეთით არის მობილიზებული, ისრაელის საზღვრიდან მოშორებით, თუმცა შეიარაღებული დაპირისპირება საზღვართან ახლოსაც, სხვადასხვა ძალას შორის, ხშირად მიმდინარეობს.

12874497_10209046631663383_1754270934_o-e1458666212100n_26305_1-e1458666221471

გოლანის მაღლობი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ისინი სიამოვნებით აგემოვნებენ გოლანის ცნობილ ღვინოებს და ტკბებიან სივრცითა და ხედით, თუმცა აქამდეც ხშირად აღწევს სირიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებისა თუ სროლის ხმა.
***
სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მისტიკური ქალაქი – ცფათი, კაბალას „სამშობლო“.
ცფათში ზივის სამედიცინო ცენტრში ხშირად მკურნალობენ დაჭრილ სირიელებს. მედპერსონალის თქმით, დაჭრილები სირიელ მებრძოლებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას საზღვართან მიჰყავთ და იქ ტოვებენ, რადგან იციან, რომ ისრაელელი მესაზღვრეები მათ კლინიკაში გადაიყვანენ. დაჭრილებს ამოწმებენ, ადგენენ მათ ვინაობას და შემდეგ სამკურნალოდ გადაჰყავთ.
დაჭრილებს შორის ხშირად არიან ქალები და ბავშვები. სოციალური მუშაკი ფარის ისსა ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული პატარა, დაჭრილი ბავშვების მკურნალობაა. ისინი ქვეყანაში მშობლების გარეშე გადმოჰყავთ სამკურნალოდ, სოციალური მუშაკები მათთვის „დედებს“ პოულობენ – მორწმუნე მუსულმან ქალებს, რომლებიც ბავშვებთან კლინიკაში ყოველდღიურად მიდიან, ეფერებიან, უმღერიან, სადილს უმზადებენ, აძინებენ.
ფარის ისსა 12 წლის ბიჭის ისტორიას იხსენებს, აჰმადი თამაშისას ნაღმზე აფეთქდა, შედეგად მხედველობა, ხელი და ფეხი დაკარგა. ბავშვი ზივის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, გაუკეთეს ყველა საჭირო ოპერაცია, შემდეგ კი შეეცადნენ, მისთვის მხედველობის გარეშე გადაადგილება ესწავლებინათ. მისცეს სპეციალური ხელჯოხი და ჯერ ოთახიდან დერეფანში, შემდეგ – დერეფნიდან ეზოში, ეზოდან კი ქუჩაში გასვლა ასწავლეს. ამასთან, აჰმადმა დამოუკიდებლად ბანაობაც შეძლო.
„ასეთ პროგრესს მივაღწიეთ, ვამჩნევდი, რომ ბავშვი ბედნიერი საერთოდ არ იყო. როდესაც მიზეზი ვკითხე, სევდიანად მითხრა, რომ ვერ შეძლებდა მიღებული ცოდნის გამოყენებას, რადგან მას სირიაში აღარ ელოდა სახლი, შესაბამისად, არ დასჭირდებოდა ოთახიდან გარეთ გასვლა, ან – აბაზანაში ბანაობა. აჰმადმა გვთხოვა, მიგვეცა ფული და გაგვეშვა…,“ – ამბობს ისსა.
ტრავმატოლოგ ალექსანდ ლერნერის თქმით, მასთან, ძირითადად, ძალიან მძიმედ დაშავებული პაციენტები მიჰყავთ. კლინიკაში არა მხოლოდ ბავშვებს – ყველა სირიელს სრულიად უფასოდ მკურნალობენ. ზივის სამედიცინო ცენტრში ახლაც წვანან დაჭრილი სირიელები, მათ შორის არის ექიმი, რომელსაც ფეხზე სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კვლავ სირიაში აბრუნებენ, თუმცა ცდილობენ, საზღვარი შეუმჩნევლად გადაკვეთონ, რათა საკუთარ ქვეყანაში ისრაელში მკურნალობის გამო პრობლემები არ შეექმნათ.

12895504_10209046615822987_1808104670_n
თელ-ავივი, თეთრი ქალაქი

1909 წლის 11 აპრილს ზღვის სანაპიროზე 66 ოჯახი შეიკრიბა, ზღვიდან ნიჟარები ამოიღეს და კენჭი ყარეს, სად მოუწევდათ სახლის აშენება. ასე დაარსდა თელ-ავივი. კეთილმოწყობილი, კომფორტული პლაჟები, ფეშენებელური სასტუმროები, ბაუჰაუზისა და თანამედროვე სტილის შენობების ნაზავი – ეს არის ქალაქი, რომელსაც არასოდეს ძინავს.

RFR_WTA_Web_TelAviv_Slide1_Desktop-e1458666619927Tel-Aviv-e1458666607756
თუმცა, სიმშვიდე აქაც, როგორც ისრაელის ყველა სხვა ქალაქში, პირობითია. ტერაქტები საკმაოდ ხშირად ხდება, მაგრამ ისრაელში ამბობენ,რომ ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ ებრაელმა უნდა შეამოწმოს, ხომ არ მიიღო რამე დაზიანება, შემდეგ – მოიკითხოს ახლობლები და თუ ყველაფერი წესრიგშია, გააგრძელოს გზა და დაივიწყოს მომხდარი, რადგან ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

Haoman-17-Tel-Aviv-800x532
ცხოვრება თელ-ავივში ღამეც ისეთივე აქტიურია, როგორც დღისით – ქალაქში უამრავი ღამის კლუბია, მათ უმეტესობასთან ხალხის დიდი რიგი დგას. იქიდან გამოსულს კი – ღამის 2 საათზეც, შესაძლოა, საცობში მოგიხდეთ დგომა.

***

ისრაელის ყველა ქალაქში იუდეველები, მუსულმანები, ქრისტიანები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ქვეყანაში დაბალია სხვადასხვა სექსუალური კუთვნილების დისკრიმინაციის მაჩვენებელიც. მართალია, ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება კანონით არ ხდება, თუმცა ჰომოსექსუალი წყვილი, თანაცხოვრების შემთხვევაში, სხვა ოჯახების მსგავსად სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა შეღავათით, შეუძლიათ შვილის აყვანაც.
რაც შეეხება ებრაელებისა და არაბების თანაცხოვრებას, პრობლემები, როგორც ჩანს, მაინც არსებობს. როგორც ერთმა ებრაელმა გოგონამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სკოლაში არაბ თანაკლასელებთან არ მეგობრობენ, რადგან “თუ ომი დაიწყება, არაბი მოსწავლეების მამები პალესტინის მხარეს იომებენ”.

მეტალის წითელი ჩიტების სოფელი

20160309_133338-1

ღობის მიღმა ჰამასის წევრებს წვრთნიან, ამ წუთებშიც ისმის მათი სროლისა და ლოცვის ხმა.

20160309_133456

20160309_133634

ეს კედელი კი ისრაელის პატარა საზღვრისპირა სოფელს, ნეტივ ჰასარას ტყვიებისგან იცავს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაცრისფერი ბეტონის გასალამაზებლად კერამიკისგან პატარა ფილები დაამზადა. კედელზე რამდენიმე ენაზე წერია სიტყვა “მშვიდობა”, რომლის მნიშვნელობა ამ სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა არ იციან.

20160309_132616

ჰილა ფენლონი ფერმერია, 38 წლის. მას ორი შვილი ჰყავს, უფროსი 15 წლისაა. ჰილას ახსოვს, ბავშვობაში როგორ მიდიოდა მშობლებთან ერთად ღაზას სექტორში რესტორანში სასადილოდ, ღაზაში მცხოვრებლებს კი ისრაელში მასპინძლობდნენ. ჰილას შვილს ვერ წარმოუდგენია, რომ დედამისს ოდესღაც შეეძლო გადასულიყო “სიკვდილის ზონაში”, რომლისგანაც წლების წინ ეს კედლები არ ჰყოფდათ.

პირველი რაკეტა ნეტივ ჰასარაში რომ ჩამოვარდა, ჰილა პირველ ბავშვზე იყო ორსულად. მას შემდეგ ტერორმა დაუჯერებელი ფორმა მიიღო. ახალბედა დედას, ისევე, როგორც მის თანასოფლელებს, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წამი ჰქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ ბომბსაფარში გაქცეულიყვნენ ბომბსაფარი სოფელში უკვე ყველგან არის, ყველა სახლში, დაწესებულებაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ავტობუსის გაჩერებაზეც კი.

როდესაც ბავშვი გახდა სამი წლის და ჰილას მოუხდა ახსნა, რატომ გარბოდნენ თავშესაფარში სიგნალის ჩართვისას, გაუჭირდა შვილისთვის თქმა, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა და ბომბებს ესროდა… მან “გამოსავალი” იპოვა და შვილს აუხსნა, რომ სიგნალის დროს დიდი, მეტალის წითელი ჩიტები მოფრინავდნენ და მათგან თავი უნდა დაეცვათ.

სოფელში ჰილას შვილების მსგავსად არცერთ ბავშვს მშვიდად არ სძინავს. მათ ღამე რაკეტები, სიგნალები, წითელი ჩიტები ამ დრომდე ესიზმრებათ. მთელი სოფლის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, ბავშვების ფსიქიკის გადასარჩენად ფსიქოლოგები მუდმივად მუშაობენ.

სოფელი ბომბებისგან თავდასაცავ ნაგებობებად გადაიქცა, ბავშვები თამაშობენ თავშესაფრებში, სძინავთ თავშესაფრებში, საბავშვო ბაღიც კი თავშესაფარია. სათამაშო მოედნები დაკეტეს, რადგან ღია სივრცეში თავდაცვა შეუძლებელია.

20160309_131901

20160309_132137

კითხვაზე – რატომ არ ტოვებს სოფელს, ჰილა ამბობს, რომ ჰამასის მიზანიც სწორედ ეს არის; ის კი არ აპირებს, ტერორისტების ნება შეასრულოს. ფერმერი დარწმუნებულია, რომ თუ სოფლიდან წავა, ტერორი გაიმარჯვებს, მოსახლეობა კი – დამარცხდება.

“ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მე მაქვს იმედი…”-ამბობს ჰილა.

ესე ამბავი უჟმური უნგრელებისა :)

მოგზაურობისას ჩემი მთავარი პრობლემა არის ვალუტის კურსი და როგორც წესი, ვერასოდეს ვიგებ, ძვირად ვყიდულობ ნივთს თუ იაფად (ეს სირთულე ევროსა და დოლარზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა).

ბუდაპეშტში ჩავფრინდით თუ არა, მაშინვე ამირია ფორინტებმა თავ-გზა. ღამენათევმა და გადაღლილმა ძლივს გადავითვალე რამდენიმე ასეული ფორინტი, რომ ტაქსის მძღოლისთვის მიგვეცა.

ტაქსის მძღოლი კიდე ცალკე უცნაური ადამიანი იყო. მთელი გზა ოხრავდა, სიტყვა არ დასცდენია ინგლისურად, სავარაუდოდ, არ იცოდა. რომ სცოდნოდა, ისე გულიანად ოხრავდა, დარწმუნებული ვარ, მოგვიყვებოდა ამბავს 4 დიპლომზე.

უნგრელები გვგვანან. უჟმურები არიან, ჩვენსავით. 🙂 სიგარეტის ნამწვს ქუჩაში ყრიან, ტაქსის მძღოლებიც – მიხვდებოდით ალბათ, ერთნაირი გვყავს. 🙂

ზამთარში ბუდაპეშტის ნახვა არ ღირს, თუ არჩევანი გაქვთ. დარწმუნებული ვარ, სიმწვანე და სითბო ამ ქალაქს ერთი-ორად ალამაზებს. ზამთარში ყველაფერი რუხია, ხალხი – ამინდივით ცივი, უმეტესობამ ინგლისური არ იცის და კითხვას დაუსვამ თუ არა, ნაბიჯს აუჩქარებენ. განსაკუთრებულად უჟმურები ქალები არიან.

 

ზამთარში ტურისტიც ცოტაა, ქუჩები, ფაქტობრივად, ცარიელია. ქალაქი ღარიბია, მაგრამ ლამაზი. შენობების დიდ ნაწილს რესტავრაცია არ აწყენდა, თუმცა არქიტექტურა მე ძალიან მომეწონა.

3 დღის მანძილზე ერთხელაც არ გვისარგებლია საქალაქო ტრანსპორტი და ქალაქის ორივე ნაწილი, ბუდაც და პეშტიც ფეხით შემოვიარეთ. ღირსშესანიშნაობები, რომელზეც ყველა წერს და საუბრობს, ნამდვილად ლამაზია, თუმცა ცალკე აღსანიშნავია ბუდაპეშტის „დანგრეული ბარები“ (Ruin bars).

ჩვენს სასტუმროსთან ახლოს იყო Szimpla Kert. ჩვეულებრივი, ძველი სახლის კარი შევაღეთ თუ არა, არანორმალური სილაღე და თავისუფლება ვიგრძენი. იქ არავის აინტერესებს შენ ვინ ხარ, შეგიძლია დალიო მანქანაში მოწყობილ „მაგიდასთან“, ანდა ჩილიმი მოწიო აბაზანაში, რომელიც ეზოში დგას… დალიო ბევრი ისე, რომ დიდად არ დაეტყოს ჯიბეს და დატკბე რეალობით, რომელსაც ქართულთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

სიამოვნებით ვიცხოვრებდი ბუდაპეშტში, იმის მიუხედავად, რომ არ აქვს სხვა ქალაქების მსგავსი სიდიადე, ეს არის ადგილი, სადაც მშვიდად, უჟმურად ვიცხოვრებდი, ვიმუშავებდი და ყველა შესაძლო შაბათ-კვირას ავსტრიაში, ან ჩეხეთში ვივლიდი. 🙂  შევჭამდი უამრავ გულაშს და ზამთარს ცხელი ღვინის წრუპვაში გავატარებდი.

 

Dream a Little Dream

ფანჯრიდან გახედვაც კი მეზარება, ისეთი მოსაბეზრებელია კორპუსების დანახვა. აივანზე ქარი საშინლად ხმაურობს, ბოლო ყლუპ ყავასაც მოვსვამ და ვეცდები დავიძინო, ან წავიკითხო..

ჯერ კიდევ გუშინ პრაღაში ვიყავი, თუმცა დიდი დიღმის ქარსა და სიბნელეში ამისი დაჯერება ძალიან მიჭირს, ალბათ მინიმუმ 48 საათიანი უძილობის ბრალია.

მეზობელი კორპუსის აივანზე ქალი სარეცხს კრეფს, ავტოფარეხში გახსნილი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია უკვე დაკეტილია…

პრაღაში ახლა 8 საათია და ბედნიერებით სავსე ქალაქი ზუზუნებს , გუგუნებს, მღერის, ცეკვავს… ხიდიდან ვლტავაში მონეტებს ყრიან, ქვაფენილიან ქუჩებში ხმამაღლა იცინიან, მილიონობით სელფის იღებენ და იმ პატარა, მყუდრო რესტორანში, ჩვენ რომ ყოველ დღე ვსადილობდით, სხვადასხვა ეროვნების ბედნიერი ადამიანი ფიქრობს, გულაში პურში შეუკვეთოს თუ სუპად მიირთვას.

პრაღა არის ზღაპარი. მილიონობით ბედნიერი პერსონაჟის მონაწილეობით შექმნილ-შეთხზული ზღაპარი. კოშკები, ქონგურები, ზარები, ლამპიონები, თავიდან ფეხებამდე ოქროსფერი საღებავით შეღებილი ქანდაკების როლში მყოფი ადამიანები, ტაილანდური მასაჟის ოთახები, ისტორიული ქუჩები, ათასი ადამიანის ასრულებული, ან იმედად დატოვებული ოცნება…

მინდა ეს თუ არა, ზღაპარი დამთავრდა. ბოლო ფურცელი ავტოსადგურზე ჩავიკითხე.

ჩემი ოცნება იქ არ ასრულებულა, ბედნიერების და თავისუფლების შეგრძნებით გაბრუებულმა ოცნებაც კი ვერ მოვასწარი.

რამდენიმე წელიწადის მანძილზე ჩემი წილი იმედი იქ დამელოდება, ძველი კოშკების ეზოებში და მერე, ალბათ მეც ჩავალ. 🙂

ყავა აღარ მაქვს, ქარი ისევ ნერვებისმომშლელად ხმაურობს, უკვე მერამდენე საათია არ მძინებია, სანამ დამეძინება ვიცი, რომ ბოლოს პრაღაში მეძინა და ეს ოდნავ უფრო მაახლოებს მასთან.

სისასტიკეა ზღაპარზე ფიქრი და გახსენება თბილისში.

წავალ, რამეს წავიკითხავ.

image